7 ნოემბერს ,ერეკლე II-ის დაბადების 305 წლის იუბილე აღინიშნა.
მეფის კარის ეკლესიაში გაიმართა პანაშვიდი მეფის სულის მოსახსენიებლად.
მუზეუმის ეზოში გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
სასახლის საელჩო დარბაზში ტრადიციულად გაიმართა სამეფო სახლის მეთაურის, ქალბატონ ანა ბაგრატიონის მიერ „ერეკლე მეორის ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალი.
წელს აღნიშნული ჯილდო გადაეცა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გამორჩეულ დამცველს, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორს — ბატონ გიორგი კალანდიას.
ერეკლეობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთი დღით მეფის სასახლეში გამოიფინა მეფე ერეკლე II-ის ბავშვობისდროინდელი სათამაშო ცხენის ასლი, რომელიც 2023 წელს დავით კიკვიძემ შექმნა. აღნიშნული ექსპონატი დაცულია ალავერდის მონასტერში.
აბბა ალავერდლელი მიტროპოლიტი მეუფე დავითის ინიციატივით , კომპანია ,,ფაფანაკის" ხელმძღვანლმა ნინო ჭყონიამ შექმნა „პატარა კახის“ ყმაწვილობის დროინდელი ჩოხა, რომელიც ერთ-ერთი ისტორიული ნახატის მიხედვით არის აღდგენილი. აღნიშნული ჩოხა წარმოდგენილი იყო ერეკლეობის დღესასწაულზე და საოცრად შვენოდა პატარა დავით მახარაძეს — თითქოს თავად მეფე ერეკლეს ეპოქიდან გადმოსულიყო.
მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა ერეკლე მეორის წყალობის სიგელებისა და სიგელგუჯრების გამოფენა, ხოლო მუზეუმის ჰოლში წარმოდგენილი იყო მეფის ეპოქის იარაღი.
მუზეუმის ეზოში ტრადიციულად გაიმართა ქართული ჭიდაობა.
თითოეული ქართველისათვის მეფე ერეკლე II არის ეროვნული ღირსების, სიძლიერისა და სამშობლოსადმი სიყვარულის მარადიული სიმბოლო.

ჩვენ შესახებ
სიახლეები
პუბლიკაციები
საჯარო ინფორმაცია
კონტაქტი





